28 December 2017

მამა რაფაელი

ამაზე არავისთან მისაუბრია, მაგრამ, ალბათ, უნდა ვთქვა.
ზოგჯერ, გიდგება დრო, როცა განსაკუთრებული სიცხადით აცნობიერებ ლოცვების სიტყვებს. „მასწავე მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაჲ“, – ეს სიტყვები 50-ე ფსალმუნიდან, ვინ იცის, რამდენჯერ წამიკითხავს და სხვისთვისაც ამიხსნია. თითქოს მესმოდა, მაგრამ მოხდა ისე, რომ ეს სიტყვები გულის ღაღადისად მექცა. მქონდა მდგომარეობა, როცა აშკარად ვხედავდი, როგორ მოიწევდა ჩემკენ დემონური წყვდიადი. ზოგმა, შეიძლება სულიერი ბრძოლა უწოდოს, მაგრამ ეს იყო საშინელი შემოტევა უხილავი ქვესკენელისესული წყვდიადისა. არც ვთმობდი, მაგრამ ასე ყოფანას სიკვდილი მერჩია, თუ ამით განვთავისუფლდებოდი. იყო ის მდგომარეობა, როცა იცი, რა უნდა აკეთო, მაგრამ გჭირდება ძალა, რომელიც შეგაძლებინებს, რომელიც მოგაშორებს ამას. საქმეს ისიც ამძიმებდა, რომ გარშემო მყოფებს ვერც ავუხსნიდი მდგომარეობას და ვერც შვებას მივიღებდი. ვისაც გამოუცდია, იცის რა არის ეს, ვისაც არა – მარტოოდენ სიტყვებით ვერ აუხსნი. აუცილებლად მჭირდებოდა შემწეობა ადამიანისა, რომელიც არა უბრალოდ მასწავლიდა როგორ მოვქცეულიყავი (ეს ისედაც ვიცოდი), არამედ დამეხმარებოდა იმით, რაც თავად ჰქოდა მოხვეჭილი.
მანამდე არაერთხელ ვყოფილვარ მამა რაფაელთან და ყოველთვის სიცხადე ეფინებოდა ნებისმიერ ჩემთვის ბუნდოვან საკითხს მასთან საუბრის შემდეგ. პირველი, ვინც მომაგონდა, სწორედ ის იყო, – ადამიანი, რომელსაც ჩემს ასაკზე ბევრად მეტი წელი მონაზვნობაში გაეტარებინა. ჩემთვის ჩამოვაყალიბე სათქმელი, რათა მოკლედ მეთქვა და დიდი დრო არ წამერთმია. მთავარი კი ლოცვითი შემწეობის თხოვნა იყო. დავურეკე, მივედი. ჩვეულებისაებრ, დამხვდა სითბოთი, კეთილი და ნათელი გამომეტყველებით. დავსხედით და... მხოლოდ ახლა შევნიშნე, რომ უკვე არაფერი მაწუხებდა, სულში საოცარ სიწყნარეს დაესადგურა. ერთობ უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდი: უნდა მეთქვა საწუხარი, მაგრამ უკვე არაფერი მაწუხებდა, დამესვა კითხვები, მაგრამ ყველაფრის პასუხი ნათელი იყო. მაინც ვთქვი, რჩევებიც მოვისმინე. მერე ლოცვაზე გაგრძელდა საუბარი. ამასობაში ვახშმის დროც მოვიდა და დარჩენა შემომთავაზა. უკვე ღამე იყო, როცა სახლისკენ გავეშურე. გარეთ დაღამებულიყო, შიგნით კი რაღაც ანათებდა, არც არაფერი მაწუხებდა და იყო განცდა იმისა, რომ შენთან არის ის, – მარადიული და უძლეველი, რომელიც არავის მოუშვებს სავნებელად. ამ დღის მერე, მართალია იყო პატარ-პატარა შემოტევები, მაგრამ იმ შინაგან ნუგეშსა და ახლოსმყოფი ნათლის განცდას ვერაფერი არყევდა. მერე კი მალევე მინელდა შემოტევები. მრავალი წელი გავიდა მას შემდეგ, გულში კი დღესაც ცოცხალია ის განცდა. არ მინდა შედარებების გაკეთება წმიდათა ცხოვრების ეპიზოდებთან, მხოლოდ იმას ვამბობ, რაც დავინახე, შევიგრძენი.
ვერიდები ეპარქიიდან გასვლას, მაგრამ, როცა მიწევს დედაქალქში ჩასვლა, ყოველთვის ვცდილობ მივაკითხო და დაგროვილი შეკითხვებით ვართმევ დროს. არ ყოფილა შემთხვევა, რამეში გაურკვევლად დავრჩენილიყავი. ბევრი რამ მომისმენია მისგან. მთავარი, რაც ყოველ მისვლაზე მესმის, არის იესუს ლოცვის მნიშველობასა და აუცილებლობაზე საუბარი, ლოცვაზე, რომლის გარეშე ვერ საზრდოობს საღმრთო მოშურნეობა, რომლის გარეშე, არათუ უსარგებლო, მავნეც კი არის წიგნიერება.
მისი სახელის ხსნებისას არაერთს აძაგძაგებს. რამდენიმე ადამიანმა, რომელთანაც მისაუბრია მასზე, ბნელი მიწოდა და სხვებსაც ურჩია, არ გამკარებოდნენ. ვიცი, უმრავლესი მათგანი გულწრფელად ცდება და მოვა დრო, როცა აეხილებათ თვალი. მამაოს კი, ალბათ ასე იცავს უფალი ამაო და შემაწუხებელი განდიდებისაგან.
28 დეკემბერი აქრიმანდრიტ რაფაელის (კარელინი) დაბადების დღეა. 86 წლიდან 63 მონაზვნობაში გატარებული! მინდა ვუსურვო კიდევ მრავალი წელი და სიმრთელე სადიდებელად ღმრთისა, მოუკლებელობა ლოცვისა, მოშურნეობისა და სიბრძნისა, ძალა მხილებისა და ნუგეშისცემისა. გვჭირდებით, მამაო. იდღეგრძელეთ და იხარეთ ქრისტეში.