23 May 2015

ინტერვიუ გაზეთ „საპატრიარქოს უწყებანს“. N18 (763)

დღეს საკმაოდ რთული ვითარებაა შექმნილი მთელ მსოფლიოში და ამაში, უპირველესად, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები იგულისხმება. რა თქმა უნდა, ეს არ არის მხოლოდ იმ რეგიონების სატკივარი, სადაც უკვე რამდენიმე წელია რელიგიური ნიშნით იდევნებიან ადამიანები, ეს მთელი კაცობრიობის პრობლემაა… მაგრამ, სამწუხაროდ, არსად ჩანან უფლებადამცველები, მსოფლიო ორგანიზაციები, რომლებიც მორალს გვიკითხავდნენ გამოხატვისა და რწმენის თავისუფლებაზე. საგულისხმოა, რომ ადამიანთა რელიგიური ნიშნით დაპირისპირებამ უკვე საკმაოდ ფართო მასშტაბები შეიძინა და არ არის გამორიცხული, რომ ახლო აღმოსავლეთში დანთებულმა ცეცხლმა სხვა ქვეყნებამდეც (მათ შორის საქართველომდე) მიაღწიოს. ამ ვითარებაში გამაოგნებელია ის ფაქტი, რომ კაცობრიობის უდიდესი ნაწილი დუმს… აღარც „შარლები“ ჩანან. ინტერნეტ ქსელებში საზოგადოების დიდი ნაწილი გამოთქვამს პროტესტს იმის გამო, რომ ამ ვითარებაში შეშფოთებაც კი არ ისმის დასავლეთიდან.
– მამა ანდრია, როგორია თქვენი ხედვა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით? და რა უნდა მოიმოქმედოს მორწმუნე ქრისტიანმა ამ ვითარებაში?
დღეს ჩვენ (წირვის დასრულების შემდეგ) სავედრებელი პარაკლისი აღვავლინეთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი და შევევედრეთ მას, რომ მშვიდობა იყოს ახლო აღმოსავლეთსა და მთელ მსოფლიოში. მოგეხსენებათ, მთელ რიგ ქვეყნებში ძალიან გამწვავებულია დამოკიდებულება ქრისტიანებისადმი. ეს არც არის გასაკვირი. მაცხოვარი წინასწარ აუწყებდა მოციქულებსა და ყველა მის მიმდევარს: „უკუეთუ მე მდევნეს, თქუენცა გდევნნენ“ (ინ. 15:20). წუთისოფელმა ჯვარს აცვა ქრისტე და ვერც მის ერთგულებს შეიწყნარებს. დროებითმა მშვიდობიანობამ არ უნდა დაგვავიწყოს ეს. თუმცა, უნდა ითქვას, რომ რიგ შემთხვევაში დევნას განიცდიან არა მხოლოდ ქრისტეანები.