ეკლესიაში ახალმოსულს მიჭირდა გაგება, რატომ არის ასე საჭირო ჯვარი, ტკივილი, ტანჯვა, რატომ არ შეიძლება ადამიანი ამის გარეშე მიდიოდეს ღმერთთან, რატომ დაუშვებს უფალი მისკენ მიმავალზე განსაცდელს, რატომ უმრავლდება ჭირი ადამიანს, როცა მეტად ცდილობს ღმრთისაკენ სვლას, ნუთუ არ შეიძლება ეცადოს ადამიანი მცნებების დაცვას და იქნეს ეს საკმარისი? გავიდა დრო, ჩაიარა არაერთმა განსაცდელმა და მივხვდი: ნამდვილი ლოცვა, ღმრთის სიახლოვის განცდა, სიმტკიცე სიკეთეში გაქვს მხოლოდ მაშინ, როცა რაღაც გაჭირვებს და გტკივა, როცა ღმრთის გარდა არავინ გრჩება შემწე, მანუგეშებელი. გადადის განსაცდელი და ამჩნევ, რომ ისევ ის გულგრილი, უდები, ტკბობისმოყვარე, ძალადმორწმუნე ხარ. ზოგჯერ იხიბლები ლოცვების სიტყვებით, გარეგნული ეკლესიურობით, ხან კიდევ მიწიერი საზრუნავებით გონებადაბნელებულს, გულგაცივებულს, სულიერების მშვინვიერებამდე დამყვანებელს ვერ ძალგიძს ცრემლითა და იმედით მიმართო ღმერთს: მიშველე, უფალო! ორივე შემთხვევაში ამჩნევ, რომ გულში მხოლოდ ნაკვერჩხლები დარჩენილა და ეკითხები საკუთარ თავს: ვინ ვარ მე? ის, რომელიც ქრისტეთი სუნთქავდა გუშინ, თუ ის, რაც ვარ დღეს? ნუთუ მუდამ უნდა მწკეპლავდეს განსაცდელი, რომ ვგრძნობდე, ვინ არის ჩემთვის ქრისტე, ვიღებდე მას, როგორც ჩემს მხსნელს? ასეთ დროს ხვდები, რომ, თუ არა ტკივილი, საბოლოდ მოუკვდებოდი ქრისტეს. ნამდვილად ვერ ცხოვნდება ადამიანი ტკივილის გარეშე. არ ვეძებთ ტკივილს, არ ვართ მაზოხისტები, მაგრამ არ უნდა დავიჯეროთ ეშმაკისეული ცდუნება, თითქოს წყნარი, კომფორტული ცხოვრებით ვინმე შეძლებს შეიმეცნოს საკუთარი დაცემულობა, წუთისოფლის წარმწყმედელობა, ცხოვნების გზა. წმიდა მამები არა ჭირისაგან ხსნას, არამედ ჭირში მოთმინებასა და განმტკიცებას ითხოვდნენ. მაცხოვარს მხოლოდ მაშინ მივყვებით, როცა გოლგოთაზე ავდივართ მასთან ერთად.