28 February 2011

ინტერვიუ გაზეთ „საფარველს“.

ქრისტე აღდგა!
ჭეშმარიტად აღდგა ქრისტე!
— ჩვენთვის აღდგომა დღესასწაულთა დღესასწაულია, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მთავარი მოვლენაა. გთხოვთ, განგვიმარტოთ, რა განცდით, რა ღვაწლით უნდა შევეგებოთ ამ დღეს?
პასექი მართლაც არის დღესასწაული დღესასწაულთა. არსი, მიზანი, მთავარი საზრისი ადამინის მიწიერი ცხოვრებისა, არის შემზადება მარადისობისათვის. რომ არ გაეჩინა უფალს მიწიერ ცხოვრებად წოდებული დროში შეზღუდული შუალედი ადამიანის ხორციელი შობიდან მისი უპირობო მარადიული მყოფობის დასაწყისამდე, ვერცერთი ვერ გადავურჩებოდით სამუდამო გეენას. მაგრამ შეგვიწყალა უფალმა, მოგვცა მიწიერი ცხოვრება, აღთქმა გადარჩენისა, მერე კი განკაცნა, ჯვარსეცვა, აღდგა და მოგვანიჭა მასთან მყოფობის უცვალებელი სიხარული. აღდგომა ქრისტესი, როგორც ხსნა, ანუ ჭეშმარიტი პასექი, არის მთავარი მოვლენა სამყაროს ისტორიაში, რადგან აზრს კარგავს მიწიერი ცხოვრებაც.
პასექის დღესასწაულისათვის მზადება უნდა შეესატყვისებოდეს მის სიდიადეს. საჭმელი მშიერს ახარებს, კურნება – სნეულს, სახლი – მიუსაფარს. მსგავსადვე პასექი ახარებს მას, ვისაც აქვს განცდა იმისა, რომ ჭირდება ხსნა, ჭირდება მხსნელი, უცილობელად დაიღუპა მის გარეშე. ეს განცდა ღმრთისაგან ენიჭება ადამიანს და შეუძლებელია, დანაშაულია მისი იმიტირება ხიბლისმიერი თვითგანხურვებით. გლეხი, სანამ რამეს დათესავდეს ამუშავებს მიწას. მსგავსადვე ჭირდება დამუშავება გულს – ნიადაგს, რომელზეც უნდა დაითესოს სიტყვა ღმრთისა. ამ შრომას მარხვა ეწოდება, უფრო სწორად კი – მცდელობა მარხვისა. გავიხსენოთ, რომ „მარხვა” ნიშნავს შენახვას და სულიერი მარხვა არის სულის უბიწოებაში შენახვის მცდელობა. ამ მცდელობის მქონე, მოშურნე ადამიანს ენიჭება ჭეშმარიტი სიხარული ხსნისა.
— მამაო, როგორ უნდა ავხსნათ, რომ მკვდრეთით აღმდგარი უფალი თავდაპირველად ეჩვენა მენელსაცხებლე დედებს. ორმა ანგელოზმა კი უფლის თორმეტ მოწაფეთაგან გამოირჩია პეტრე და იოანე. რატომ მათ და არა სხვებს ეხარათ მაცხოვრის აღდგომა პირველად?
მაცხოვრის მიწიერი ცხოვრების ბოლო საათებში მენელსაცხებლე დედებმა გამოიჩინეს მის მიმართ ისეთი ერთგულება, თავდადება, სიყვარული, რომლის მსგავსს ვერ ვპოულობთ ჩვენ მოციქულებში. ცხადია, ღმრთის დაშვებით იყო ეს, რათა მოციქულებს საკუთარ თავზე ეგემათ და შეემეცნაც კაცობრივი სისუსტეც და ღრმთაებრივი შეწევნის ძლიერებაც (გავიხსენოთ მათი ქადაგებები სულთმოფენობის შემდეგ). მაცხოვრის აღდგომაზე ოცდაათზე მეტი მოწმობა შემოგვინახა ჩვენ ისტორიამ, მაგრამ სახარებამ მხოლოდ წმიდა მენელსაცხებლე დედათა ხარება შემოგვინახა, რადგან ისინი არ იყვნენ შემთხვევით შესწრებული მოწმეები, არამედ აღდგომის სიხარული იყო ჯილდო მათი თავდადებული სიყვარულისა. გარიჟრაჟზე მიდიან უმწეო დედაკაცები ერის მიერ უარყოფილი და დასჯილი საყვარელი მოძღვრის საფლავთან, რათა მიაგონ პატივი. იციან, რომ საფლავს იცავენ მხედრები, რომლებიც არც ზნეკეთილობით გამოირჩევიან და არც ლმობიერებით. მაგრამ კაცობრივი ლოგიკა ვერ აბრკოლებს მათ სიყვარულს. სხვას ვის უნდა გამოცხადებოდა პირველად მაცხოვარი ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის შემდეგ!
იოანე და პეტრე, გამორჩეულნი მოციქულთაგან… არც მათი პირველობა გვაკვირვებს. იოანე – სიმბოლო სიწმიდისა და სიყვარულისა, პეტრე კი სიმბოლო ქმედითი სინანულისა. პეტრე მოციქულს ჯერ კიდევ სვიმონად მოიხსენიებს მახარობელი ანგელოზი, რადგან მისთვის ჯერ არ უთქვამს შენდობა მაცხოვარს, მაგრამ წმიდა მოციქულში ვხედავთ უდიდეს სინანულს, რომელიც ქრისტესთან აბრუნებს. ამ წმიდა მოციქულის მყოფობა ახლადაღმდგარი მაცხოვრის საფლავთან განსაკუთრებით სანუგეშოა ჩვენთვის, ვინც ცოდვებით განვშორებივართ უფალს.
— როგორ ავხსნათ, რომ ტიბერიის ზღვაზე თევზის  დაჭერისას მოწაფეებმა ვერ იცნეს მაცხოვარი. ისინი მხოლოდ მაშინ მიხვდნენ, როცა ბადე თევზით აივსო ან თვით ლუკამ და კლეოპამ, რომელთაც უფალი ემაუსის გზაზე გამოეცხადათ, რად ვერ შეიცნეს, თუ ვინ ესაუბრებოდათ მათ?
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი წმიდა მამებზე დაყრდნობით გვასწავლის, რომ უფალი ეცხადება ადამიანებს არა მაშინ, როცა სურთ მათ, არამედ როცა თავად თვლის საჭიროდ, სასარგებლოდ, აღმაშენებლად. ღმრთის თანამყოფობა საცნაურად, ანუ გონებისმიერად იხილვება მის ქმედებებში, შეწევნაში, ნუგეშინისცემაში. აღსანიშნავია, რომ ტიბერიის ტბაზე მაცხოვარი პირველმა იოანემ მოციქულმა იცნო, რომლის გული განსაკუთრებით იყო განხურვებული უფლისადმი სიყვარულით. ასევე, ლუკა და კლოპა მოწმობენ: „ანუ არა გულნი ჩუენნი განჴურვებულ იყვნეს ჩუენ შორის, ვითარ-იგი მეტყოდა ჩუენ გზასა ზედა და ვითარ-იგი გამომითარგმანებდა ჩუენ წიგნთა?” (ლკ. 24,32) მამა პაისი ათონელი პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით გვასწავლის, რომ უფალი, როგორც მეფე, მოდის და გვეცხადება არა ჩვენი დამსახურებისა თუ ვედრებისათვის, არამედ როცა თავად ხედავს ამის საჭიროებას და სარგებლიანობას.
— ღირსი სერაფიმე საროველი ყოველ ადამიანს ასე ესალმებოდა:"ქრისტე აღსდგა, სიხარულო ჩემო!"  როგორ უნდა ვიცხოვროთ, რომ ამ განცდამდე ავმაღლდეთ, ასე აღვიქვამდეთ კაცთაგან ყოველს?
აქამდე უნდა გავიზარდოთ. მე არ ავსულვარ ამ საფეხურამდე და ვერც სხვას ვასწავლი. მოშურნე ცხოვრებას, უკომპრომისობას ვნებებთან ჭიდილში მოხედავს უფალი და გვაკურთხევს გულის ასეთი განწობით. საშიშია ამის იმიტირება, ძალიან საშიშია! ნეტარხსენებული მეუფე ანტონ სუროჟელი ბრძანებს, რომ წმიდათაგან სულისკვეთება უნდა შევითვისოთ არ უნდა გავხდეთ ბრმად მიმბაძველნი. მაიმუნობა (обезянничание) – ასე მოიხსენიებს გარეგნულ მიმბაძველობას. ის ტკბილი სიტყვები, რომელითაც მიმართავდა წმიდა მამა სერაფიმე იმ ტკბილი და მოყვარული გულიდან ამოდიოდა, რომელშიც არ იყო ადგილი ვნებისა და ცოდვისათვის.
— წმ. მამები გვასწავლიან, რომ ცოდვა ღმრთისადმი უნდობლობა და უმადურობაა. ცოდვა გვაკარგვინებს ღმრთაებრივ ღირსებას. მამაო, გთხოვთ აგვიხსნათ, აღდგომამ რა ძალა შესძინა კაცობრიობას, რა როლი შეასრულა ცოდვით დაცემული ბუნების გამთელებაში?
ძალიან კარგად აღნიშნავს წმიდა ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი), რომ ჩვენთვის, ახალი აღთქმის ადამიანებისათვის ძნელად გასაგებია ის მდგომარეობა, რომელშიც იყო ადამიანი ძველი აღთქმის სამყაროში. ვხედავთ, რომ მეფე დავით ფსლამუნთამგალობელი, რომლის პირით მეტყველებდა სულიწმიდა, უდიდებულესი მეფეთა შორის უძლური აღმოჩნდა დედაკაცის გარეგნული მშვენიერებით ცდუნების წინაშე და ორ უმძიმეს ცოდვაში ჩავარდა – მკვლელობასა და მრუშობაში. ძველი აღთქმის ადამიანს არ ჰქონდა ზნეობრივი ძალა ცოდვისადმი წინააღმდეგობის გასაწევად. გავიხსენოთ, რომ ჩვენ არა მხოლოდ ვინათლებით, ვიშვებით ქრისტეში, არამედ ჩვენზე აღესრულება მირონცხებაც – გარდამოდის და დაადგრება ჩვენთან სულიწმიდა შემწედ და ხელმძღვანელად. თუ ცოდავს ახალი აღთქმის ადამიანი, არა იმიტომ, რომ ცოდვა სუფევს მასში, მძლავრობს მასზე, არამედ იმიტომ, რომ თავადვე ღალატობს უფალს თავის ცნობიერებასა და საქმეებში, დაუთმობს და ემორჩილება ცოდვას, მერე კი ცოდვის მიჯნას მიღწეულს არ ძალუძს წინააღმდეგობა. აი, ეს შესაძლებლობა – ვუერთგულოთ უფალს, ვიყოთ წმიდანი და ამქვეყნადვე ვიყოთ ზეცათა სასუფევლის მოქალაქენი მოგვეცა მაცხოვრის ჯვარცმითა და აღდგომით.
— სასულიერო ლიტერატურის კითხვა რა როლს ასრულებს მორწმუნე ადამიანის სულიერ ცხოვრებაში. გთხოვთ, მიგვითითოთ, გვირჩიოთ, რა წიგნები უნდა წაიკითხონ ახალმოქცეულთა და მათაც, რომელნიც დიდი ხანია, რაც ამ გზას შეუდგნენ.
შეიძლება ძალიან კატეგორიულად ჟღერდეს ნათქვამი, მაგრამ ასე ვფიქრობ და ვიტვყი: ადამიანი, რომელმაც იცის წერა-კითხვა, მიიჩნევს თავს მართლამადიდებლად და არ მეგობრობს სასულიერო ლიტერატურასთან, არ სწავლობს წმიდა მამათა მემკვიდრეობას, არ არის მორწმუნე, არ არის ეკლესიური. განა სირცხვილი და უბედურება არ არის, როცა ქუჩაში მოლაქლაქე ნებისმიერმა სექტანტმა ბევრად მეტი იცის თავისი სარწმუნოებისა, ვიდრე გარეგნულად ეკლესიურმა – მართლმადიდებლობისა?! დღეს წიგნის გარეშე ეკლესიურობა შეუძლებელად მიმაჩნია. მით უფრო ისეთ დროს, როცა არის შესაძლებლობა იმისა, რომ მოხდეს ეკლესიური ცხვორების აღორძინება და ძალიან ცოტაა ცოცხალი ცდისეული ცოდნის მატარებელი. არასდროს კაცობრიობის ისტორიაში ჭეშმარიტი რწმენის მასწავლებელი ლიტერატურა არ ყოფილა ასეთი ხელმისაწვდომი. ამის არგამოყენება დიდი ცოდვაა.
რაც შეეხება კონკრეტული ლიტერატურის მითითებას, ეს მეტად ინივიდუალური საქმეა და ყოველი მოძვარი თავადვე ურჩევს მასთან მოსულ მორწმუნეს. ვფიქრობ, ყველასთვის საჭირო და დიდადშემწეა მამა პასისი ათონელის სიტვყები, წმიდა თეოფანე დაყუდებულის წერილები და ქადაგებები, წმიდა ნიკოლოზ სერბის, ეპისკოპოს ილია მინიატისის სიტყვები. ძალიან მომწონს და მიყვარს წდიდა ეგნატეს (ბრიანჩანინოვი), ღირსი იუსტინეს (პოპოვიჩი) ნაშრომები, სქემმღვდელმონოზონ სამპსონი (სივერსი) წერილები. დღეს მოღვაწე ავტორებიდან განსაკუთრებით გამოვყოფდი მოტროპოლიტ იეროთოს ვლაქოსის და სერბი მღვდევლმთავრის მეუფე ათანასე ევტიჩის ნაშრომებს. სამწუხაროდ ღირებული ლიტერატურა ნაკლებადაა თარგმნილი ქართულ ენაზე, ხალხში კი უფრო მოთხოვნადია ისეთი ბროშურები, სადაც საუბარია არა ცხოვნების გზაზე, ვნებებთან ჭიდილზე, შინაგან ფერისცვალებაზე, არამედ ჯადოზე, სასწაულებზე ან იმაზე, თუ რომელი სნეულების დროს ვის ვევედროთ, რაც არ არის დამახასიათებელი მართლამადიდებლური ცნობიერებისათვის.
— მამაო, გთხოვთ, გვესაუბროთ, როგორ დაიწყეთ ტაძარში სიარული, ვინ იყვნენ ის ადამიანები, რომელთაც დიდი წვლილი მიუძღვით თქვენს  ღმრთისმსახურად გახდომის საქმეში?
ვერაფერს ვიტყვი განსაკუთებულს, განსაცვიფრებელს. არაფერი მომხდარა ჩემს ცხოვრებაში ისეთი, რასაც შეიძლება ვუწოდო ბიძგი. იყო ძიება სკოლის ასაკიდანვე, მიმოკვეთება სხვადადასხვა სწავლებაში, – ძირითადად ბუდიზმსა და ინდუიზმში; იყო განცდა ეპოქის და საზოგადოების სულიერი სიცარიელისა, მაგრამ არ ჩანდა არათუ ხსნა, არამედ იმის შესაძლებლობაც, რომ დამერქვა სახელი იმისათვის, რასაც განვიცდიდი. ერთხელ შემთხვევით გავეცანი წიგნს, რომელშიც მოთხრობილი იყო ძველი აღთქმის საღმრთო ისტორიის მონაკვეთები. გაჩნდა ინტერესი. მაშინ ვერ ვაფიქსირებდი, დღეს კი მიკვირს, როგორ მოხდა, რომ ჯარში ყოფნისას ყველა ხედავდა, რომ ვატარებდი ჯვარს, უკვირდათ და არავის უბრძანებია ახსნა. მაშინ მთელი ჩემი „ლოცვითი კანონი” იყო „მეუფეო ზეცათაო”, „მამაო ჩვენო”, „მრწამსი” და „ცხრა ნეტარება”, სხვა ლოცვა არ ვიცოდი. მერე კი მოხდა ისე, რომ ჯარიდან დაბრუნებულმა ბებიასაგან გავიგე, რომ იწყებოდა მიძინების მარხვა. დაახლოვებით ვიცოდი, რა იყო ეს, რადგან ოჯახი იმ დროისათვის შესაძლებელის ფარგლებში იყო მორწმუნე, თუმცა არაეკლესიური. გამიჩნდა მარხვის სურვილი და დავიწყე. მივედი ეკლესიაში და ვესწრებოდი წირვებს. შემამჩნია ტაძრის წინამძღვარმა – დეკანოზმა მიქაელ ასათიანმა და შემომთავაზა სტიქაროსნობა. დავემორჩილე, თუმცა არც კი ვიცოდი, რა იყო ეს –  ჩემთვის საკმაოდ უჩვეულო მსახურება. მისივე კურხევით ვისწავლე მედავითნეობა. მალევე მივხვდი, რომ ინსტიტუტი, სამსახური და ა. შ. არ იყო ჩემი ცხოვრება. მეტიც, –  გამოიკვეთა, რომ ვიპოვე, რაც მაკლდა, უფრო სწორად კი მიპოვა უფალმა. გაჩნდა სურვილი სასულიერო განათლების მიღებისა და ბერობისა. მაგრამ ეპარქიის მღვდელმთავარმა მეუფე გიორგიმ (შალამბერიძე) მაკურთხა დამემთავრებინა სასწავლებელი და მერე გადამედგა ნაბიჯი. მერე, როცა ქვეყანაში გაჩაღდა სამოქალაქო ომი, მამა მიქაელი ვერ ჩამოდიოდა და დავემოწაფე მამა ზაქარია მაჩიტაძეს. მისმა უდიდესმა სიყვარულმა და თავდადებამ ბევრი რამ მასწავლა და შეცვალა ჩემში. არ შემიძლია არ მოვიხსენო ნეტარხსენებული მამა ამირან შენგელია – საოცარი მაგალითი სიმხნევისა და ჭირთათმენისა. შემდეგ კი მომიწია შესწორებების შეტანა ჩემს გეგმებში. ქალაქში არ იყო ადგილობრივი ღმრთისმსახური და იყო ამის აუცილებლობა. მეუფისა და მოძღვრის კურთხევით დავოჯახდი და მაკურთხეს მღვდლად. არ შემიძლია არ ვახსენო მეუფე ანტონი (ბულუხია, იმჟამად მამა მარკოზი), მამა ფრიდონ ასათიანი, მამა ავთანდილ ჭოხონელიძე, მამა გოჩა ცაავა. ძალიან ბევრი რამ შემძინა მათთან ურთიერთობამ. არ ვიცი, რამდენად ვარმათლებ მათ სიყვარულსა და ნდობას.
— მამაო, გთხოვთ დალოცოთ გაზეთი "საფარველის " რედკოლეგია და მისი მკითხველი.
კურთხევა უფლისა თქვენზედა. შეგაძლებინოთ უფალმა, რომ ცოცხალი სიტყვა, შეწევნა და ნუგეში მიგქონდეთ მკითხველთან.

ესაუბრა ნინო შენგელაია