– მამა ანდრია, როგორ უნდა მივაჩვიოთ ბავშვები სულიერ ცხოვრებას, ლოცვას, ეკლესიაში სიარულს, მოძღვართან ურთიერთობას?
ბავშვი ოჯახის სარკეა. იგი უნებლიედ ბაძავს მშობლებს, მისთვის ავტორიტეტულ პიროვნებებს. ასე რომ, მშობელი, უპირველეს ყოვლისა, უნდა ეცადოს თვითონ იყოს ისეთი, როგორიც უნდა გაზარდოს შვილი. რამდენიც არ უნდა ვუქადაგოთ ჩვენს შვილებს, ვატაროთ ეკლესიაში, თუ თვითონ არ ვეცადეთ ვიყოთ ღმრთისმოსავები, სუსტი იქნება ჩვენი მცდელობა გავზარდოთ შვილები ეკლესიურებად. გარდა ამისა, მშობელი უნდა იყოს საღმრთო მადლის გამტარი და არა უბრალოდ მქადაგებელი, მლოცველი და არა ლოცვის მასწავლებელი, უკომპრომისო ცოდვასთან და არა მხოლოდ ზნეობისაკენ მომწოდებელი.