არიან ადამიანები, რომლებიც ქმნიან ისტორიას, მაგრამ ნაკლებად ჩანან ისტორიის ფურცლებზე.
ჩვენს ეპარქიაში მხოლოდ ძველ მრევლს თუ ახსოვს კერძოდიაკონი ალექსი (ალიოშა) კოდუა. ამ ადამიანს კი უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი საეკლესიო ცხოვრების აღორძინებაში.
კომუნისტების დროს ქრისტეს ქადაგება, ეკლესიის გახსნისთვის ბრძოლა ნიშნავდა გაწირვას თავისა მუდმივ დევნა-შევიწროებაზე. ცოტანი თუ ბედანვნენ ამას. ერთ-ერთი მათგანი იყო ალიოშა კოდუა.
იმხანად ეკლესიის გახსნისთვის ფორმალური საფუძველი იყო მინიმუმ ოცი მორწმუნეს განცხადება, მაგრამ მათი შეკრება, ვინც შეძლებდა ღიად დაეფიქსირებინა ასეთი მოთხოვნა, არ იყო ადვილი. სახელმწიფოს რეაქცია ვრცელდებოდა არა მხოლოდ პიროვნებებზე, არამედ მათ ოჯახებზე, უახლოეს ადამიანებზე და იშვიათად ვინმეს გაებედა განცხადებაზე ხელმოწერა. ზუგდიდში ეკლესიის გახსნის მოთხოვნაზე ხელმომწერთა უმეტესობა რუსები იყვნენ, ‒ მათ სახელმწიფო ნაკლებად ავიწროებდა და დასაკარგიც ნაკლებად ქონდათ. ალიოშა კოდუა იყო ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან ქართველთაგან, ვისაც ვერც მრავალშვილიან ოჯახზე პასუხისმგებლობამ, ვერც აგრესიამ სახელმწიფოს მხრიდან ვერ ააღებინა ხელი ღია საეკლესიო ცხოვრების უფლებისთვის ბრძოლაზე.
ჩვენ განმზადებულზე მოვედით. 1987 წლის გვიან შემოდგომას კომუნისტების ეპოქაში პირველად დაყენდა წირვა ზუგდიდის მაცხოვრისკარის ტაძარში.
ვინც არ იცნობდა ალიოშას, შეიძლება კუშტად მოჩვენებოდა მისი სახე, ‒ დევნასა და ბრძოლას არ ჩაევლო უკვალოდ. მაგრამ საკმარისი იყო დაეწყო საუბარი და შენს წინაშე იდგა ადამიანი საოცრად მიმტევებელი და მოსიყვარულე გულით, ერთგული ქრისტესი და მოყვასისა, ადამიანი, რომელსაც შეეძლო გუშინდელ მდევნელთან, რომელიც ცხოვრებას უმწარებდა, ალალად გაეტეხა პური და ელოცა მისთვის. არ მახსოვს, რომ ვინმეზე, ვისთანაც უწევდა ჭიდილი წლების მანძილზე, ძვირი დაცდენოდა.
ხარობდა, როცა მეუფე გიორგიმ (შალამბერიძე) კერძოდიაკვნობა მიანიჭა.
დღესაც ჩამესმის მისი ხმა, რომლითაც კითხულობდა ჟამნობას. კი არ კითხულობდა, ესაუბრებოდა უფალს, დინჯად და გააზრებულად.
მეუღლესთან, ქალბატონ გოგუცასთან და შვილებთან ერთად ალიოშა კოდუა იყო უპირველესი მასპინძელი ეკლესიაში, სტუმრის მიმღები და დამპურებელი, საეკლესიო მსახურებაზე მზრუნველი.
მისი უდიდესი სურვილი იყო გამოზრდილიყო ადბილობირვი სამღვდელოებაც, რათა განვრცობილიყო ეკლესიურობა. ხან ერთ სტიაქაროსანს მიადგებოდა, ხან მეორეს. მაშინ უფრო მონაზვნური ცხოვრება გვიზიდავდა, მაგრამ უარის მიუხედავად, კვლავ და კვლავ მოგვიწოდებდა, გვთოხვდა. მახსოვს მისი სიხარული, როცა ჩემი ხელდასხმის შესახებ გაჩნდა საუბარი. აცრემლებული თვალებით მიცქეროდა, როცა პირველად მნახა შემოსილი. უკვე მღვმდელობაში, რამდენჯერაც არ უნდა ვენახე, სულ ჯვარს მსახავდა და მეც მიხაროდა. ისიც ხარობდა, როცა ხედავდა, როგორ ირეკებოდა საეკლესიო ზარები, მრავლდებოდა სამღვდელოება.
1997 წლის 28 სექტემბერს კორცელში ვწირავდი. წირვის შემდეგ წალენჯიხაში უნდა წავსულიყავი საყოველთაო ნათლობაზე, მაგრამ რატომღაც ალიოშასკენ გამიწია გულმა ნარაზენში, ვიცოდი, რომ მძიმედ ავად იყო. მამა სვიმონი (აბრამიშვილი) და მე ისეთ დროს მივედით, როცა სული ტოვებდა სხეულს. მიდიოდა კაცი, რომლის რწმენამ, მოშურნეობამ და ლოცვამ უდიდესი კვალი დატოვეს თითოეული ჩვენგანის სულში.
არ მავიწყდება მისი წესის აგება. საოცრად მშვიდი სახე ქონდა მიცვალებულს. რამდენიმე დღე ყინულში იდო ცხედარი, მაგრამ როცა შენდობის ფურცელს ვაკავებდი, იმდენად რბილი იყო თითები და არ იგძნობოდა სიცივე, გამიელვა, ხომ არ ძინავსთქო. მიცვალებულის სახე, განწყობა რომელიც სუფევდა მის ირგვლივ მოწმობდა, რომ მართალ ადამიანს ვაცილებდით.
გავიდა წლები, მაგრამ არ გახუნებულა მისი ხსოვნა. უფალმა ულხინოს იპიდიაკონ ალექსის სულს, მისი ლოცვა კი ეწეოდეს მის შთამომვალობას და თითოეულ ჩვენგანს.