30 July 2014

უმარილო ქრისტეანობა


თანამედროვე სახვით ხელოვნებაში არის მიმდინარეობა, რომელსაც ჰიპერრეალიზმს უწოდებენ. წლების წინ ამ სიტყვით ფოტორეალისტებს მოიხსენიებდნენ, მაგრამ დღეს გარკვეულ მიმართულებას აღნიშნავს. თუ ფოტორეალიზმი ეფუძვნება ფოტოგრაფიას, ანუ მოვლენას, სცენას, რომელიც არის აღებული რეალობიდან, ჰიპერრეალიზმი ასახავს იმას, რაც შეიძლება მომხდარიყო რეალობაში, ასახავს ფოტოგრაფიული სიზუსტით.
პირველი საუკუნეების ქრისტეანთა მდგომარეობა მეტად მძიმე იყო. ისინი განიცდიდნენ დევნას როგორც იუდეველთაგან, ასევე წარმართებისაგან. მოციქულთა კვალდაკვალ მიდიოდნენ იუდეველები, რათა ეცდუნებინათ ქრისტეს სჯულზე ახლადმოქცეულნი. თუ ვერას წარემატებოდნენ, დაასმენდნენ წარმართებთან, რათა გადაემტერებინათ წარმართები ქრისტეანებთან. გაქრისტეანებულთა შორის ყველას როდი ჰქონდა მტკიცე რწმენა. იყვნენ ისეთებიც, რომელთაც ვერ ემეტებოდათ მიწიერი კეთილდღეობა, სიმშვიდე, თუმცა ზეცის დამკვიდრებაც სურდათ. ასეთები არ თაკილობდნენ წინადაცვეთას, რათა თავისიანებად მოჩვენებოდნენ იუდეველებს და არ ყოფილიყვნენ დევნულნი მათგან. ამასვე ურჩევდნენ და აიძულებდნენ ქრისტესმიერ ძმებს. წინადაცვეთა იცავდა ასეთებს არა მხოლოდ იუდეველთაგან, არამედ წარმართებისაგანაც, რადგან იუდაიზმი არ იყო აკრძალული რელიგია, იუდეველს არავინ აიძულებდა კერპთმსახურებას. სწორედ მათ სამხილებელად წერს წმიდა პავლე მოციქული გალატელ ქრისტეანებს: „რომელთა-იგი ჰნებავს პირ-შუენიერებაჲ ჴორცითა, იგინი გაიძულებენ თქუენ წინადაცუეთად, გარნა ხოლო რაჲთა ჯუარსა ქრისტესსა არა შეუდგენ“ (გალ.6:12)
ამასოფლიური ცნობიერება ვერ იტევს და ვერ იტანს ჯვარს. მიწიერი მომხმარებლური ცნობიერების ადამიანს ღმერთთან ძალუძს მხოლოდ გაცვლითი, მიცემა-აღებითი ურთიერთობა – „მე შენ გწირავ ლოცვას, საკმეველს, მარხვას“ და „შენ დამეხმარე პრობლემების გადაწყვეტაში, მომმადლე კეთილდღეობა“. წუთისოფელი არის არა მატერიალური სამყარო, არამედ ჩვენი მიჯაჭვულობა მისდამი, ის ურთიერთობები და ღირებულებები, რომლებიც დაცემული ბუნებით არიან განპირობებულნი და საფუძვლად მიწიერი კეთილდღეობა, ტკბობა, ანგარება, მზაკვრობა, ვნებები უდევს. წუთისოფელმა ჯვარს აცვა ქრისტე და ვერასდროს შეეგუება მის ჯვარს, რადგან იგი ურღვეს კომფორტს, სიმშვიდეს, აღვიძებს სინდისს, ემუქრება წუთისოფლის საფუძველთა საფუძველს – ბოროტ სულთა და დაცემული კაცობრივი ბუნების მცდელობას გამორიცხოს, წაშალოს ღმერთი, დაარღვიოს მისი მეუფება. წუთისოფელი თითოეულ ჩვენგაშია და ჩვენშივე ხდება ჯვრის ვერმიღება.
მცდელობა მიწისა და ზეცის შეერთებისა სულ უფრო და უფრო ამსგავსებს ადამიანს იმ იუდეველებს, რომელთაც ამხელს წმიდა მოციქული პავლე. ქრისტეანი, რომელიც ვერ არის მემსხვერპლე, არ სურს გაიღოს მსხვერპლად საკუთარი მანკიერი მიდრეკილებები, არასაჭირო სიამეები, პირადი „ეგო“, ემსგავსება იუდეველს, რომელმაც მხოლოდ გარეგნულად მიიღო ქრისტე, სულში კი მის ჯვარმცმელად დარჩა. ასეთი ადამიანი ქრისტეანობის ჰიპერრეალისტური ნახატია – ჰგავს რიტუალებში, მაგრამ შორსაა სულით, შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ ვერ არის და მისი მყოფობა ქრისტესთან ილუზიად, ოცნებად რჩება; სურს იყოს ქრისტეანი, მაგრამ მყისვე ურიგდება წუთისოფელს, როგორც კი საქმე საკუთარის დატევებას მოითხოვს.
წუთისოფლის სიამეები, საზრუნავები, საცდურები აქრობენ მოშურნეობის ცეცხლს და თანამედროვე ქრისტეანები სულ უფრო ვემსგავსებით უსულო ჰიპერრეალისტურ ნახატს. ვიწოდებით ქრისტეანებად, მაგრამ ნათელი, მადლისმიერი ცეცხლი მოშურენეობისა არ ჩანს ჩვენში. არ ჩანს ის, რაც ამკობს სულს – სიმდაბლე, კრძალულება, ლმობიერება, სიყვარულისაკენ სწრაფვა. ვართ ქრისტეანები ტაძარში და წარმართები გალავანს გარეთ. იშვიათად მოიძებნება მორწმუნე, რომელზეც შეგეძლება მიუთითო ახალმოსულს და უთხრა: „შეხედე, ისწავლე“. ზოგჯერ, ნახავ მორწმუნეს ქალაქში, ვერ ცნობ და ფიქრობ: ასეთი ქცევითა და სიტყვით, ასეთი ჩაცმულობით მართლა ის არის? ხშირად ვიტყვით ხოლმე, რომ ქართველები მართლმადიდებლები ვართ, ვამაყობთ დიდებული წინაპრებით. თუ ჩვენ მათი შთამომავლები ვართ, მაშ როგორ ხდება, რომ ცოდვა კანონდება, უზნეობა ზეიმად იწოდება, ცოდვა – უფლებად, ქართული ცნობიერების ნგრევა – თავისუფლებად? რატომ ხდება, რომ ერი დუმს, როცა მის ცნობიერებას ბომბავენ უზნეო სანახაობებითა და ცრუ იდეალებით, ანგრევენ და ათახსირებენ? რატომ ხდება, რომ მხოლოდ ერთეულებს აშფოთებს, რომ ყოველი ოჯახის მთავარი ატრიბუტი – ტელევიზორი იქცა მემრუშეთა, უკუღმართთა, ცრუთა აზრებისა და გრძნობების მქადაგებელად? რა ადარდებს, უხარია და ეიმედება ქართველს? რატომ ვერ ვამჩნევთ, როგორ ნელ-ნელა ვწყდებით ჩვენსავე ფესვებს?
„თქუენ ხართ მარილნი ქუეყანისანი. უკუეთუ მარილი იგი განქარდეს, რაჲთა-მე დაიმარილოს? არღარა შემძლებელ არნ მერმე, არამედ განგდებად გარე და დათრგუნვად კაცთა მიერ“ (მთ.5:13). თუ ქრისტეანი ხდება ნიჰილისტი, გონია, რომ ვიღაც სხვამ უნდა იბრძოლოს, იქადაგოს, აშენოს, ე.ი. განქარდა მისი მარილი. დღევანდელი ქრისტეანები მარილს ვკარგავთ და შედეგად ვიღებთ იმას, რაზეც გაგვაფრთხილა უფალმა – განგდებას ღმრთის მოწყალებისაგან და დათრგუნვას უცხოტომელთა, უღმერთოთა მიერ. და მაინც, მჯერა, რომ არ მიგვატოვებს უფალი, ოღონდ თითოეულმა ჩვენგანმა ავიღოთ ჩვენ-ჩვენი ჯვარი ქრისტეანობისა.