26 July 2014

აღვირახსნილობის ახალი შემოტევა.

ცხენის აღკაზმულობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი არის აღვირი, რომლითაც იმართება იგი. გამოუსადეგარია ცხენი აღვირის გარეშე. ადამიანს გულისა და გონებისა სამართავად ღმრთისაგან მიეცა „აღვირი“, რომელიც არის სინდისი. სინდისი მართავს ადამიანს ისე, რომ მისი მყოფობა იყოს აღმაშენებელი მისი პიროვნებისა, საზოგადოებისა და ქვეყნისა, უნარჩუნებს ღირსებას. ის არის ღმრთის სჯული გულში ჩაწერილი. მაგრამ, ზოგჯერ ხდება უბედურება, ადამიანი იხსნის აღვირს – უარყოფს სინდისის ხმას და დგება გაპირუტყვების ან გასატანების გზაზე. ასეთ ადამიანს აღვირახსნილს ვუწოდებთ. ეს სიტყვა ყოველთვის უარყოფით კონტექსტში მოიხსენიება და არ მოიძებნება ადამიანი, რომელსაც აღვირახსნილად წოდება ეამოს. მაგრამ, ტრადიციულ ღირებულებათა რღვევის ხანაში იმის განხორციელების შესაძლებლობა, რაც არსებითად არის აღვირახსნილობა, თავისუფლებად იწოდება, მისთვის იბრძვიან და სახელმწიფოთა პოლიტიკის დონეზეც კი იძულებით ახვევენ თავს ერებს. მეტიც, ტარდება აღვირახსნილობის დღესასწაულები, ფესტივალები. საქართველოსაც ეწვია ასეთი „ბედნიერება“ – სულ მალე „კაზანტიპის“ ორგიული დღესასწაული გაიმართება. ეს ფესტივალი მრავალი წელი ტარდებოდა ყირიმში და მასზე წარმოდგენის შესაქმნელად უხვად მოიპოვება მასალა ინტერნეტში (განსაკუთრებით, ფოტომასალა). გამოიღო კიდევაც ნაყოფი – ყირიმი დაეკარგა უკრაინას. ახლა ანაკლიის ნაპირებს მოადგა ეს უკეთურება და ხელისუფლების სურვილითა და რუდუნებით ყოვლადწმიდა დედისადმი მიძღვნილი მარხვის დღეებში უნდა გაიმართოს.
სახელმწიფოსა და ერის წინსვლისა და მშვიდობიანი მყოფობის აუცილებელი პირობა არის ზნეობრივი ნორმების არსებობა და დაცვა. თანამედროვეობის უბედურებათა შორის ერთ-ერთი უმთავრესი არის მორალის მცნების მოშლა და მისი ცალკეული ინდივიდუმების ფარგლებში გამოკეტვა. აქაოდა, პირადი საქმეა, ვის რა მიაჩნდეს მორალურად და ამორალურად. ზნეობრივ ზღუდეებსა და საკვრელებს სახელმწიფო მანქანა ჩაენაცვლა თავისი რეპრესიული აპარატით. მაგრამ, ვერანაირი კონსტიტუცია და ვერც ერთი კანონი ვერ უზრუნველყოფს ერის სახის შენარჩუნებასა და განვითარებას ზნეობრივი ნორმებისა და ტრადიციების დაცვის გარეშე. ზნეობრივი საზომების მოშლა საუკეთესო საშუალებაა ერის დაკნინებისა და განქარვების, საშუალო, უეროვნო ადამიანებისაგან შემდგარი მსოფლიო საზოგადოებაში გაზავებისა და გაქრობის. თუ არსებობს საქართველო, თუ გვეწოდება ქართველები, არა იმიტომ, რომ ვლაპარაკობთ ქართულად და ვცხოვრობთ ქართველთა მიწაზე, არამედ ვართ მემკვიდრენი წინაპართა ცნობიერებისა და ღირებულებებისა. ზნეობრივი ნორმების მოშლა ერის განადგურებაა. გარყვნილების პროპაგანდა ტელევიზიითა და პრესით, მისი დაცვა კანონებით – ერის განადგურების საშუალებაა. თუ ეს მოხერხდა, ვიქნებით არა ერი, არამედ უბრალოდ მოსახლეობა. „კაზანტიპი“ ამის კიდევ ერთი საშუალებაა.
საქართველო ჩვენი საერთო სახლია და, თუ ადამიანს ოდნავ მაინც აქვს შენარჩუნებული პირადი მორალური ნორმები, ვერ იქნება გულგრილი იმის მიმართ, რაც ხდება ქვეყანაში. როცა ოთახში შემოდის აყროლებული ადამიანი, აწუხებს ყველას და ეს ვერ იქნება მხოლოდ მისი პირადი საქმე. როცა ქვეყანაში შემოდის უზნეობის სიმყრალე, აწუხებს ყველას, ვისაც ჯერ კიდევ შერჩენია ადამიანობა და ვერ ტოვებს გულგრილად. მავანი ამბობს: ვისი რა საქმეა, რას აკეთებს ის ხალხი. ის ხალხი მოდის ჩვენს ქვეყანაში და ბილწავს მოწამე წინაპართა სისხლით მორწყულ და დაცულ მიწა-წყალს, ცოდვის ჟინით ასნებოვნებს იმ თაობას, რომელმაც უნდა იბრძოლოს ქვეყნისთვის და აშენოს მომავალი. ვისთვისაც ეს სულერთია, არაფრით ჯობს მეძავს. ადამიანი არ არის მხოლოდ ხორცი და შეუძლებელია, მას არ ადარდებდეს იმ გარემოს სულიერი მდომარეობა, რომელშიც ცხოვრობს.
ანაკლია საზღვრისპირა დასახლებაა. საზღვარს გაღმა არიან ადამიანები, რომელთაც ჯერ კიდევ აქვთ შემორჩენილი წესიერების, პატიოსნების, სიწმიდის განცდა. მათი დაბრუნება ქართულ ოჯახში დიდად არის დამოკიდებული იმაზე, რას დავანახებთ მათ და რამდენად იქნება დანახული შესატყვის მათი ნორმებისა. ორგიებით მოვხიბლავთ აფხაზებს და გავუჩენთ ერთიან საქართველოში დაბრუნების სურვილს?
ყველა ადამიანი ვერ იქნება მორწმუნე და ღმრთისმოშიში. მაგრამ საქართველოს უმრავლესობა თუნდაც ნომინალურად მიაკუთვნებს თავს ამა თუ იმ რელიგიას. აქედან უდიდესი ნაწილი მართლამდიდებლად წარმოგვიდგება. ნებისმიერი რწმენის ადამიანისათვის არის მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა ღმრთის წინაშე. მართალია, საეკლესიო ლიბერალები ღმერთს მხოლოდ მოყვარულ მამად გვისახავენ, მაგრამ წმიდა წერილი და ისტორია ნათლად გვაჩვენებს: ცოდვა არ რჩება დაუსჯელი. ან ჩვენ ვისჯით თავს სინანულით, ან ღმრთისაგან მოდის რისხვა. ამიტომ, ყოველი ადამიანისათვის არის მნიშვნელოვანი ისე წარმართვა საკუთარი და ზოგადსაერო ცხოვრებისა, რომ არ დაიმსახუროს რისხვა ღმრთისა. უღმერთო ადამიანი მსოფლმხედველობას აფუძნებს მისი ცნობიერების აქსიომად ქცეულ ღმრთის არარსებობაზე და ქვეყნის წარმატებისა თუ წარუმატებლობის მიზეზად პოლიტიკურ კურსსა თუ შემთხვევით მოვლენებს მიიჩნევს. ბრმაა ასეთი ადამიანი და შეუძლებელია დაანახო ის, რისი დანახვა არც სურს და ვერც ძალუძს. მაგრამ კავშირი ცოდვასა და საზღაურს შორის ნამდვილად არსებობს. საკმარისია გაახილო გონების თვალები, უმალვე ხედავ მიზეზ-შედეგობრივ კავშირს. იტყვიან: ადამიანი შეცდომებზე სწავლობს, ბრძენი კი სხვის შეცდომებზეო. ჩანს, ჩვენ ვერც სხვის და ვერც საკუთარ შეცდომებზე ვერ გვისწავლია. ქვეყანა, რომელსაც მეხუთედი წაერთვა და არ გააჩნია არანაირი საკუთარი ძალა მის დასაბრუნებლად, მეტად უნდა ფიქრობდეს მიზეზსა და გზებზე.
ზნეობადაკნინებული ადამიანები „კაზანტიპს“ რეგიონის ეკონომიკის აღმადგინებლად მიიჩნევენ. „ჩვენ არ გვაინტერესებს, რა ხდება იქ, მთავარია ფული შემოიტანონ“. შეუძლებელია კიკუს („დათა თუთაშხია“) მსგავსად იძახო:  „ფული, ბაბა, ბევრი ფული“ და ბედნიერი იყო, აღაშენო ქვეყანა. ფულზე ზნეობის გაცვლა არაფრით ჯობს იუდას გამცემლობას. ვაი, თუ ოხრად დაგვრჩა ყველაფერი! ჩვენი წინაპრები ყველაზე დიდი გაჭირვების ჟამს ეკლესიებს აშენებდნენ და ღმერთს ევედრებოდნენ. თანამედროვე ქართველები სიღატაკის დაძლევას მემრუშეთა მომსახურებით ლამობენ.
გარყვნილება ბევრად უფრო გადამდებია, ვიდრე ნებისმიერი ინფექციური ავადმყოფობა. ადამიანს ისედაც უწევს მთელი მიწიერი ცხოვრების მანძილზე გამუდმებით ბრძოლა იმისთვის, რომ დარჩეს ადამიანად და არ გაპირუტყვდეს. ყველას როდი აქვს ძლიერი სულიერი იმუნიტეტი და გარყვნილების მოძალება აუცილებლად გამოიღებს ნაყოფად ერის გათახსირებას.
ზოგჯერ დგება ჟამი, როცა დუმილი ღალატია და ყველამ, ვისაც ქრისტეანად მიაჩნია თავი, უნდა ამოიღოს ხმა, თქვას სათქმელი, ამხილოს სამხილებელი და დაიცვას საკუთარი ერის ნამუსი და ღირსება, თუნდაც ამისთვის მრავალი ჭირის დათმენა მოუწიოს. ამას აღმსარებლობა ჰქვია და არ აქვს მნიშვნელობა, ქვეყნის მეთაური ხარ, კუთხისა თუ ოჯახის – თუ ხარ ქართველი და ხარ ქრისტეანი, აღმსარებელიც უნდა იყო. ერის გასაჭირში ჩანს ადამიანის სახე. თავსმოხვეული უზნეობა არის ერის გასაჭირი, არანაკლებ მძიმე, ვიდრე მტრის შემოსევა და ომი. ვერც თანამდებობრივი სკამის სითბომ, ვერც „მოწინავე“ ლიბერალების გესლმა, ვერც მსოფლიო თანამეგობრობის აღშოთებამ ვერ უნდა შეძლოს ქართველი კაცის დადუმება.
ჩვენთვის, მართლმადიდებელთათვის გასაკუთრებით მტკივნეული და აღმაშფოთებელია ის, რომ ეს ორგიული აღვირახსნილობა ეწყობა მიძინების მარხვაში – იმ დღეებში, როცა ყოვლადუბიწო დედა ღმრთისმშობლის ზეცად მიცვალების დღის მომზადებულად და განწმედილად შესახვედრად ვემზადებით. ჩვენი ქვეყანა მისი წილხვედრია. მის მეოხებას არაერთხელ გადავურჩენივართ. ყველაზე ცნობილი ხატი ღმრთისმშობლისა, რომელთანაც დაკავშირებულია უამრავი სასწაული და აპოკალიფსური დღეების მოახლოების ნიშნები, საქართველოდან მოშორებით მყოფ ჩვენს წინაპრებს სასწაულებრივად ეწვია ათონის წმიდა მიწაზე და ივერთა მონასტერში დაიდო ბინა. ვისი წმიდა სამოსი – მსოფლიო მნიშვნელობის უდიდესი სიწმინდე ანაკლიიდან სულ რაღაც 30 კილომეტრში ინახება. შეუძლებელია მის წილხვედრ ქვეყანაში ცოდვის აღზევების სიმყრალემ არ გამოიღოს ნაყოფად სასჯელი. არ გვაპატიებს უფალი მისი დედის წილხვედრ ქვეყანას, უბიწო ქალწულის შეურცხყოფას. იქნებ, აფხაზეთის ომის გახსენებამ მაინც გამოგვაფხიზლოს, რომელიც მიძინების მარხვის პირველ დღეს დაიწყო და ჯვართამაღლებას ქართველი ერის ჯვრის დამძიმებით დასრულდა!
ნუ იყოფით ვითარცა ცხენი და ჯორი, რომელთა თანა არა არს გულისხმაჲ“ (ფს.31:9) – ბრძანებს უფალი. ნუ ვიქნები უგუნურები, ნუ დავკარგავთ წინაპარათა მეოხებას, გადავხედოთ წარსულს, გავაკეთოთ დასკვნები და ნუ ვიზამთ ისე, რომ კაცთმოყვარე უფალს გასაცდელებითა და ტკივილით უწევდეს ჩვენი გაღვიძება.